ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელების , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიო ქადაგებისას 11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ისაუბრა, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს.
„მინდა დავძინო, რომ მხოლოდ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ჩვენ ყველას გველის. ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს -პატრიარქის გამორჩევა. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო ისევე, როგორც 49 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ერში. ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელების. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთისმსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო“,-აღნიშნა მეუფე შიომ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.