ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ვიყოთ ძლიერი, სხვა ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის ერთ მუშტად შეკვრაა საჭირო.
„გილოცავთ ევროპის დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ევროკავშირში წევრობას ვიზეიმებთ. ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ვიყოთ ძლიერი, სხვა ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად, ამისთვის ერთ მუშტად შეკვრა და ერთად დგომა გვჭირდება და იმ ადამიანების გვერდით გაწევა, ვინც გვაპირისპირებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნებას უწოდებს. მისი თქმით, თუ ვინმემ გააფუჭა ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები, მმართველი პარტიაა, „რომლის მიზანიც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა“.
„ტრაგიკულია, რომ ეს ადამიანები თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ და მსგავსი რიტორიკით გამოდიან. თუ ვინმემ გააფუჭა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა თავად არიან, რომლებიც ახლა თავს ესხმიან ევროკავშირის ელჩსა და ჩვენს მეგობრებს, რადგან უნდათ, რომ იზოლაციაში მოგვაქციონ.
სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ რუსეთში ტაში დაუკრან. მოჩვენებითად იმის საუბარი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, ეს როგორ უნდა მოხდეს? როცა შენს მოქალაქეებზე ძალადობ, ფეხქვეშ თელავ ნებისმიერ დემოკრატიულ პრინციპს, რაზეც ევროპული ოჯახის მთავარი იდეა დგას და მეგობრებს უპირისპირდები? ამიტომ 26 მაისს ყველანი მოდით აქციაზე, შევიკრიბოთ და გავცეთ მათ პასუხი, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენაა, განვითარებისკენ, ძლიერი სახელმწიფოსკენ და ერთ მუშტად შეკრული საქართველოსკენ და რომ უარს ვეუბნებით ამ დამაპირისპირებელ ძალას, რომელიც ბოროტების განხორციელებით არის დაკავებული“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.