კომენტარს არ ვაკეთებ იმაზე, თუ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები ჩემ შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პაველ ჰერჩინსკის შეკითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩემი პოლიტიკაა ის, რომ კომენტარს არ ვაკეთებ იმაზე, თუ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები ჩემ შესახებ. მე ამას პირადად არ ვიღებ. დიდი პატივია, რომ საქართველოში ევროკავშირს წარმოვადგენ და ვცდილობ, ეს რაც შეიძლება კარგად გავაკეთო“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პაველ ჰერჩინსკი „ტრაგიკული პიროვნებაა“.
„ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს“, - აღნიშნა პრემიერმა.