ჩვენ ჩვენი ხელწერა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის სხდომაზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პოლიციელის დაკავებას.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერისა და სტანდარტის დასაცავად, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი დაკავება.
„გუშინ დავაკავეთ ძალოვანი სტრუქტურების ხუთი წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალად ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას. ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ხელწერა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით მაშინაც, როცა სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერისა და სტანდარტის დასაცავად, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი, შესაბამისი პირების დაკავება. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შესაბამის უწყებებს.
„კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა სამართალდამცავ უწყებას, შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. ყველა შესაბამის უწყებას და თანამშრომლებს, რომლებმაც 2024-2025 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის 4 ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, 4 წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო 5, აქედან 4 იყო ძალადობრივი. პირველ რიგში, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ 4 ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ. მადლობა ეკუთვნის სამართალდამცავი სტრუქტურის თითოეულ თანამშრომელს. მადლობა მათ, ყველას წარმატებას ვუსურვებ. სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცავი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გენერალური პროკურორის განმარტებით, 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.