ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც იმედი კიდევ დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან შეიძლება რაიმე გამოაცხონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას.
მისი თქმით, ფარსია ღირებულებებზე საუბარი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან „ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში“.
„ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც იმედი კიდევ დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან შეიძლება რაიმე გამოაცხონ. ყველა გეგმა, რომელიც სხვადასხვა საელჩოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდა დაგეგმილი, ჩაიშალა მარტივი მიზეზის გამო - ისინი გვერდში უდგებიან მათ ვინც ერთგულებას არა ქართველებს, არამედ უცხოელებს უცხადებენ. ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც შეეხება „ლელოს“ - ეს არის რადიკალური პარტია, ანტიკონსტიტუციური ძალა, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე. ძალა, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი აეღო და ჯიბეში ჩაედო მამუკა ხაზარაძეს. თაღლითური სარჩელებით საქართველოში და საზღვარგარეთ დამარცხდნენ. როცა ეს ძალა სხვადასხვა უცხოური ჯგუფის მიერ არის მხარდაჭერილი, აჩვენებს იმას, რომ საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა. ღირებულებებზე საუბარი აბსოლუტურად ფარსია ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ელჩები აქ იმისთვის არ არიან, რომ ხალხის ცხოვრებაში ხელი აფათურონ.“
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდათ, პოლიტიკაში რაღაც გააკეთონ, ვურჩევ, შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად ყოფნას. საქართველოს ისტორიაში არცერთი იმ ადამიანის ბედი კარგად არ წასულა, ვინც გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას ცდილობდა. ისტორია მეორდება ყოველთვის და არიან ძალები, რომლებიც საქართველოში საკუთარი გავლენის გამყარებას ცდილობენ, აქვთ სხვადასხვა მტრული მიზანი - ყველა, ვინც უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში დამარცხდება საკუთარ ხალხთან ისევე, როგორც აქამდე მარცხდებოდნენ.
ასევე უცხოელ ელჩებს ვეტყვი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რადგან სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ეს მათ რაიმე უფლებას აძლევს სხვა ერების ცხოვრებაში ჩაერიონ. შეიძლება ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ატომური ბომბი, რომელიც მის ქვეყანას აქვს, აძლევს უფლებას, რომ სხვა ქვეყნებს როგორც მეორეხარისხოვანს ისე შეხედოს და საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს თავს, მაგრამ აქაც ისტორიას გადახედონ. ბევრი გვინახავს საქართველოსთან ასე, ცხვირაწეული მოლაპარაკე, მაგრამ საბოლოოდ, საქართველო დარჩა და სხვას, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილება, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ. ყველა ელჩს მივმართავ, რომ აქ იმისთვის არ არის, ხელი აფათურონ ხალხის ცხოვრებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და კრიზისის დაძლევის გზები იქნება.