სალომე სამადაშვილი - ზელენსკი კობახიძეს სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები - შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე - Palitra News

სალომე სამადაშვილი - ზელენსკი კობახიძეს სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები - შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე

2026-05-05 14:21:04+04:00

დღეს კობახიძესთან შეხვედრა არავის სურს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა არცერთმა ევროპელმა ლიდერებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

„მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, რომ ევროპული წარმომადგენლობის, მათ შორის ბრიუსელის ე.წ ბიუროკრატიის შეხვედრა გამართულიყო ძალიან მაღალ დონეზე, რომელსაც ყოველდღე ლანძღავს კობახიძე, ბოჭორიშვილი და სხვები, მათ ამ შეხვედრაზე უარი მიიღეს. ეს საკითხი განიხილეს ბრიუსელში და კობახიძესთან შეხვედრა დღევანდელ ვითარებაში არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად. ცხადია, ასევე არ მიიჩნია მიზანშეწონილად არცერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ევროპელმა ლიდერმა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ კობახიძეს არ ჰქონდა არცერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არცერთ ევროპელ ლიდერთან. მსგავსი ფორმატები პირველ რიგში, სწორედ ამისთვის გამოიყენება. დღეს კობახიძესთან შეხვედრა არავის სურს. ზელენსკი სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით მან კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები და შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მის შიკრიკებს, რომელსაც ის აგზავნის ერევანში თუ სხვაგან, მათ დღეს ერთადერთი დავალება აქვთ მიღებული, გაუქმდეს ის სანქციები, რომელიც ივანიშვილს აქვს დაწესებული, როგორც რუსეთის მოკავშირეს. შესაბამისად, დღეს ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიმე პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნოს ზელენსკისთან ურთიერთობაში, რადგან ცხადია, ზელენსკის პოზიცია გადამწყვეტია დღეს საერთაშორისო პოზიციონირებაში",-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.