მარჯანიშვილის თეატრიდან ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაათავისუფლეს - არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე მსახიობი - Palitra News

მარჯანიშვილის თეატრიდან ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაათავისუფლეს - არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე მსახიობი

2026-05-02 13:34:08+04:00

მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი გაათავისუფლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას მსახიობი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ის წერს, ამ ეტაპზე თეატრიდან 9 მსახიობია გათავისუფლებული.

„მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს... 30 წლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს... ბრძოლა იქნება უკომპრომისო...“- წერს მსახიობი.

ასევე, ის ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თეატრიდან 9 მსახიობია გათავისუფლებული და საერთო ჯამში, თეატრიდან 28 მსახიობი უნდა გათავისუფლდეს.

„9 ადამიანია ამ ეტაპზე გათავისუფლებული და სამ თვეში კიდევ ბევრი უნდა შემცირდეს. როგორც ამბობენ, 28 მსახიობი უნდა გათავისუფლდეს 6 თვეში და სამი თვე უკვე გავიდა. ოფიციალურად არაფერი არ მიგვიღია [მიზეზი]. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაკლებად ვართ დაკავებული რეპერტუარში, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ნებით არ ხდება? რეჟისორმა თუ არ გაგვანაწილა, ისე ვერ ვითამაშეთ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ. დასმა, 99%-მა ხელი მოაწერა, რომ არ ემხრობა ე.წ. რეორგანიზაციას, დავაფიქსირეთ წერილობით თეატრში და მერე მივაწვდით სამინისტროს“,- განაცხადა ირაკლი ჩოლოყაშვილმა „ფორმულასთან“.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს მსახიობები: ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში, ზაზა იაქაშვილი, ნათია გუბენკო და მაია კაციტაძე.

1-ელ მაისს, ასევე მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს მსახიობი ეკა ნიჟარაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან „გამოისტუმრეს“.

„რა სიმბოლურია, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ეს მშრომელი ქალი ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ (1995-2026) მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს“,- წერს ეკა ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში