ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისობასაც“, სიტყვა „პოლიტიკურის“ დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც, - ასე უპასუხა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატს ქეთევან ბაკარაძეს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სარჯველაძემ ბაკარაძის გამოსვლას საინტერპელაციო თემების წარდგენისას „ყალბი პათეტიკა“ უწოდა.
„არ შემიძლია არ ვუპასუხო ჩემ წინ გამოსულ ადამიანს. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისობასაც“, სიტყვა „პოლიტიკურის“ დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად, ამორალურობაც. ახლა წვრილად მოგახსენებთ რატომ გეკუთვნით ყველა ეს ეპითეტი, რომლითაც მოგმართეთ. სხვათა შორის, როცა ჩემი ინიციატივით ბრძანდებოდით სამინისტროში, რა თქმა უნდა, ამ ყალბი პათეტიკის აბსოლუტური ნიშან - წყალი არ არსებობდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კამერების წინ არ მიმდინარეობდა. სადაც ზუსტად გაქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიღებული ამ საკითხის ირგვლივ, რომელთან დაკავშირებით, თქვენდა სამწუხაროდ, უბრალოდ პასუხები არ გაგაჩნიათ. არავინ მოელოდა თქვენს დღევანდელ ყალბ პათეტიკას“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო.
სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის წევრების კრიტიკული შეძახილები ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საინტერპოლაციო თემების წარდგენისას მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ ის არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირი.