პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა - Palitra News

პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა

2026-04-27 13:21:33+04:00

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ ავლაბრის რეზიდენცია უკვე დატოვა.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გააკეთებს.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ცერემონიების სასახლეში შეხვდა, სადაც, რამდენიმე კვირაა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა.

პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“. „საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.