სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - Palitra News

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

2026-04-24 16:40:06+04:00

პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული, საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება, საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 2025 წლის 10 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.