ვისაც ალიანსში შემავალი პარტიების ზომა, წონა აინტერესებს, გაითვალისწინოს, რომ ვინც გვიერთდება, თავად გვეტოლება და არა პირიქით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენელი, პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
ჩერგოლეიშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ ქცევის კოდექსს აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა ხელმომწერი პარტია აღიარებს ერთმანეთს ლეგიტიმურ, თანასწორ აქტორად.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „ვისთვისაც თანასწორი პარტნიორობა მიუღებელია, იმას არც „ალიანსში“ ესაქმება რამე და კარი ფართოა“.
„ვისაც „ალიანსში“ შემავალი პარტიების ზომა, წონა აინტერესებს, გაითვალისწინოს, რომ ვინც გვიერთდება, თავად გვეტოლება და არა პირიქით. ვისთვისაც თანასწორი პარტნიორობა მიუღებელია, იმას არც „ალიანსში“ ესაქმება რამე და კარი ფართოა“, - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოპოზიციას მიმართა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნუ ეტოლებიან.
„რომ ეზომებით იმ მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი? ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ოღონდ ეს ქვეყანა გაათავისუფლეთ, ოღონდ იბრძოლეთ ძმაო, მე ვიქნები უკანასკნელი აგიტატორი. ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე - 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, 24-ში რატომ არ გადიხართ? დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ამას ნუ იტყვით ხალხნო! მე თქვენკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი... ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? 10-ში? იმან პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო, მიშას უნდა უპასუხონ და ბიძინას რატომ არ პასუხობენ? 31 მარტს რომ დაანონსდა, 26 მაისის აქცია, 26-ჯერ არ უთქვამს პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორში, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ. აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკოსი, რომელიც მოლოდინებს ვერ ქმნის, მოლოდინები უნდა შექმნა და თუ ვერ გაიმარჯვებ, არა უშავს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.