თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება! - Palitra News

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!

2026-04-24 13:48:25+04:00

[ბრიტანეთის ელჩს] ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან, გარეტ უორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრით კმაყოფილები არიან.

„შეხვედრა იყო [ბრიტანეთის ელჩთან], გავაცანით „ალიანსი“ და „ალიანსის“ გეგმები. მისგანაც მოვისმინეთ, რა ხდება მათი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ! მათ ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“ [შექმნილი], რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს. ამაზე ვისაუბრეთ და ეს ძალიან გასაგები და სასიხარულო გზავნილი იყო ჩვენი ბრიტანელი დემოკრატიული პარტნიორისთვის“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ისაუბრა „ოპოზიციურ ალიანსში“ არსებულ ვითარებაზე და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ.

„შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. [მიხეილ სააკაშვილი] ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.