ალეკო ელისაშვილი - კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან - რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მაშინ უნდა დამეხოცეთ მოსამართლეები, პროკურორები - ამასაც ვფიქრობდი, რომ დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან - რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მაშინ უნდა დამეხოცეთ მოსამართლეები, პროკურორები - ამასაც ვფიქრობდი, რომ დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ

2026-04-22 15:11:54+04:00

გუშინ დასვამდნენ მდინარაძეს და თავის კომპრომატებს, აი, ასე, რეტროსპექტიულად გადაათვალიერებინებდნენ, ეტყოდნენ, აბა, ახლა აიბარგეო. გუშინ მოხდა რეალური ძალაუფლებიდან მაგათი გუნდის ჩამოშორება. ბიძინა ივანიშვილი აწმენდს მაგათ ხელებს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ასევე, მისთვის წარდგენილ ბრალდებაზე ისაუბრა.

„მოტივი და კონტექსტი ისე გამოდის, თქვენი ბრალდების მიხედვით, რომ დანიაში ვცხოვრობთ, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამართლიანობა ჰყვავის, ეს შენობა არის სამართლიანობის და უსაფრთხოების გარანტი მოქალაქეებისთვის, მე უცბად რაღაცამ დამარტყა თავში, შაბათს დილაუთენია, 05:00 საათზე ამოვიჩარი ბენზინი იღლიაში, მოვედი და უნდა დამებუგა აქაურობა, „ბელაია გარიაჩკა“ გამემართა. ეს ხომ ასე არ ყოფილა, სინამდვილეში ეს შენობა არის ხალხის ღირსების აყრის, უსამართლობის შეურაცხყოფის ადგილი, ამ შენობაში სცემდნენ ქალებს და მერე იძახდნენ, რომ ესენი ქალები არ არიანო, მაგასაც მოვესწარი და მერე ის კაცები მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამდნენ. ამას რომ ვუყურებდი, ეგ მაცოფებდა.

ჩემთან დაკავშირებით გეტყვით, რამდენჯერმე როგორ მომექცნენ და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უნდა გადამეყლაპა და ასე მეცხოვრა ხომ? ქალები ტყუილად რომ სხედან ციხეში, როგორ სძინავს იმ ხალხს, ვინც ისინი ციხეში ჩასვა? მოტრიალდა ეს ამბავი და ვაი იმათ, ვინც ამას სჩადიოდა მოსამართლიან, პროკურორიან, მანდატურიანად და ახლა ნახავენ ეს ადამიანები, ბიძინა ივანიშვილს არავინ რომ არ ადარდებს დედამიწაზე, თავისი ოჯახის და თავისი უსაფრთხოების გარდა. მდინარაძემ გუშინ ეს ნახა და იმიტომაც იყო ასეთი სასოწარკვეთილი გამომეტყველებით.

ამპარტავნობაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ციხიდან გაცილებით კარგად ჩანს პროცესები, ემოციები იფილტრება. ძალიან მოტრიალდა ყველაფერი. მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, ვარ აღტაცებული და ჭკუა მეკეტება ამ ქვეყანაზე. ვარ ამაყი და მარტივია ჩემთვის იქ ჯდომა, ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ, რომ რაც ხდება, ვერ გაგვტეხეს. ზერელედაც რომ გადახედო საქართველოს ისტორიას, კაცი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და მდინარაძე რომ ხარ, ხომ უნდა ნახო, რომ რაც არ უნდა გვჩაგრონ, საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებდით ჩვენ და ეს ხდება ახლა. 2 წელია გვჩაგრავთ, თქვენ, პოლიციელებიანად, ვერ მოგვერევით და ხომ ნახეთ, ვერ გაგვტეხეთ. შემოტრიალდა ეს ამბავი, თუ არ გჯერათ, გადაახვიეთ გუშინდელი კადრი და ნახეთ, მდინარაძის გამომეტყველება, რაც დამართეს.

ვერ მოგვერევიან ეს რუსები, ვერ გაგვტეხეს. მადლობა ყველას, ვინც წინააღმდეგობაში იყო და ფეხი არ მოიცვალა. რუსეთი მარცხდება ყველგან, ეს საძაგელი ქვეყანა, ჩვენი მჩაგვრელი ქვეყანა. ვენაცვალე გმირ უკრაინელებს, ისინი ამარცხებენ [რუსებს] და გრძნობს [ბიძინა ივანიშვილი]. ბიძინა ივანიშვილს ნამუსი არ აქვს და ქვეყანა არ უყვარს, თორემ იმპულსები აქვს, იმის დედა ვატირე. იმპულსით დაინახა, რომ უკრაინაში, ვენესუელაში, ირანში, სომხეთში მარცხდება რუსეთი, დამარცხდა უნგრეთში, აზერბაიჯანში და აქაც მარცხდება. ზუსტად ჩვენ ვამარცხებთ აქ რუსეთსაც, ივანიშვილსაც.

რას აკეთებს ივანიშვილი - 2 წელია იმ უფლისწულმა ვერ დაინახა აქ რომ ხალხს ჩაგრავენ? 2 წელია ეს ვერ დაინახა ცოტნე ივანიშვილმა? ახლა გაახსენდა დიალოგი და აკაცუკი რომ მიუღებელია? თავ- პირი რომ აქვს ხალხს დალეწილი და ციხეებში გოგოები, 17 წლის ვაჟკაცები რომ არიან. სათითაოდ ვენაცვალე მაგათ კაცობაში.

პოლიციელებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა იკითხეთ, რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის? მზია ამაღლობელი არის მოსიარულე ისტორია! ეს ყველაფერი იგრძნო იმ კაცმა, რომ მორჩა ეს ამბავი.

გუშინ დასვამდნენ მდინარაძეს და თავის კომპრომატებს, აი, ასე, რეტროსპექტიულად გადაათვალიერებინებდნენ, ეტყოდნენ, აბა, ახლა აიბარგეო. გუშინ მოხდა რეალური ძალაუფლებისგან მაგათი გუნდის ჩამოშორება. ბიძინა ივანიშვილი აწმენდს მაგათ ხელებს.

ახლა გამოვა აქვითინებული ბიძინა ივანიშვილი, უტიფრობის ჩემპიონი კახა კალაძე და იტყვიან, ვაიმე, კაცო, ეს, რა დაგვემართა, როგორ ლანძღავდნენ ამ ხალხს, ვინ დაარტყა? გავარდებიან და იმ პოლიციელებს მივარდებიან. შემოტრიალდა ეს ყველაფერი. პოლიტიკური ამბავია არა ის, რომ კობახიძეს და მდინარაძეს გააგდებენ და შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან, არამედ ის, რომ ჩვენ ვწვალობთ ჩვენი ქვეყნისთვის. მონობა არის მარტივი, მისტირის ის, ვინც საბჭოთა კავშირს მისტირის. ბიბლიური ამბავია, ნოემ 40 წელი ატარა ებრაელები იმიტომ, რომ ებრაელებს ესწავლათ საკუთარი თავის, ქვეყნის მართვა და როცა გაუჭირდებოდათ, იძახდნენ, კარგი იყო მონობა ეგვიპტეშიო. ეს ხდება ჩვენ თავს. ივანიშვილი გვეხმარება, რომ კარგი ქვეყანა ავაშენოთ, მაგრამ ივანიშვილი ამას ვეღარ შეძლებს, მაგისთვისაც ერთ „შკონკას“ დავჯავშნი ჩემ გვერდზე. ჯოჯოხეთი გავიარეთ და თანდათან ჩვენი გამარჯვება დგება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა 2024 წლის 17 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მისივე თქმით, „კანცელარიის შენობასთან იდგა და პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის მითითებით, პოლიციელებმა კორდონში შეათრიეს, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ“. მისი თქმით, მაშინ პარლამენტის მოქმედი წევრი იყო, საქმეც აღიძრა, თუმცა 2 წელია პასუხი არ ისმის. ელისაშვილის თქმით, კადრებში ჩანდნენ პოლიციელები, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ, მათ შორის ჩანდა პოლიციელი ზაქარია ჩოხელი, რომელიც „სხვებთან ერთად დღისით, მზისით მას ურტყამდა“. ელისაშვილის თქმით, ზაქარია ჩოხელის პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

„ზაქარია ჩოხელმა შუამავლები გამომიგზავნა, მათ შორის მაღალჩინოსანი პოლიციელი და მითხრა, ბიჭებს რაღაც შეეშალათ და პურმარილი უნდათ გიკისრონო. კი შევუთვალე, ის ქათმის ფეხი და გოჭის კანჭი, სად უნდა წაეღოთ... ეს რაღაც ზღაპრები მოუყევით ფარცხალაძეს. მე კითხვა მაქვს, რატომ არ არის დაჭერილი პოლიციელი ზაქარია ჩოხელი პარლამენტის წევრის ცემისთვის?! მნიშვნელობა არ აქვს მე ვიყავი, თუ სხვა. ანუ ამით უნდა მეცხოვრა? ეს არის თქვენი სამართლიანობის შენობა? მცემეს, გამიტაცეს, კაცს თავი მომწონს, პარლამენტის წევრი ვარ, უშიშროების, თავდაცვის კომიტეტის წევრი ვარ, შვილები მყავს, ქართველი ვარ, წამიყვანეს და თავ-პირი დამალეწეს, ვიგინდარასავით ჯიბეებში მიძვრებოდნენ. მერე რაღაც ქათმის ბარკლებით უნდოდათ „მოეყომარებინა“ ჯიგარს ეს ამბები.

უსინდისო ვიყო, ზემოდან ღმერთი იყურება და მისმენს - ეს ყველაფერიც არ მადარდებს, როცა ვნახე, „რადიო თავისუფლებას“ ედო ინტერვიუ, გოგო ამბობდა, პირში მაფურთხებდნენ პოლიციელებიო. რა ნამუსით უნდა მეცხოვრა, დამეძინა და გამეღვიძა ამ ქვეყანაში? ან უნდა ამეღო, დამეხოცეთ სათითაოდ მოსამართლეები, პროკურორები, ტყვიამფრქვევი უნდა ამეღო და გადამეტარებინა თქვენზე?! აი, მაგას ვფიქრობდი ერთ-ერთს, რაც უნდა გამეკეთებინა - დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ, ვინც ამას აკეთებდით ყველა. ან ის უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ გავაკეთე, უფრო სწორედ! არ მეშინია, გინდათ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა მეძახეთ. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემ საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვარ ზაქარია ჩოხელი, რომ 2 წელი დავიმალო და ქათმის ბარკლებით ვცადო რაღაცების მოგვარება. რაც გავაკეთე, მე ვარ პასუხისმგებელი. ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის. ქვეყანას რომ ეხება, იმაზე ვდარდობ. ჟურნალისტებს გთხოვთ, მე ხელი არ მომიწვდება, კობახიძეს თავისი დარდი აქვს, მართლა ჩემ გვერდზე ჩაამწყვდევენ ორივეს, ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ჰკითხეთ, ნიღაბი არ ეკეთა ზაქარია ჩოხელს და რატომ არ ზის ციხეში? და მეორე ბრალი რომ წარმიდგინეთ და კილომეტრიდან ტელესკოპით გადაღებული ვიღაცა ტიპი რომ დადგება, ბენზინს ასხამს და ნიღაბი უკეთია, რაღა მე ამომიცანით?“, - განაცხადა ელისაშვილმა პროცესზე.