ნანა სანდერი 4 ოქტომბრამდე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში - მე ვარ 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორი - „ნაცების“, ბურჭულაძის ან ნანა სანდერის რევოლუცია არ იქნება, ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახალხო რევოლუცია იყოს - Palitra News

ნანა სანდერი 4 ოქტომბრამდე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში - მე ვარ 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორი - „ნაცების“, ბურჭულაძის ან ნანა სანდერის რევოლუცია არ იქნება, ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახალხო რევოლუცია იყოს

2026-04-21 14:23:57+04:00

მე ვარ 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორი, რომელსაც აქვს გეგმა, როგორ გადაარჩინოს ქვეყანაც, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერი იმ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც დაკავებამდე, სექტემბერში გამოაქვეყნა და რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულების სახით სასამართლოში გამოიკვლიეს.

სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ნანა სანდერის სოციალური ქსელებიდან ჩამოტვირთული ვიდეოები აქვს წარმოდგენილი.

„ნაცების", ბურჭულაძის, ან ნანა სანდერის რევოლუცია არ იქნება, ყველაფერს ვაკეთებ, რომ 4 ოქტომბერს იყოს სახალხო რევოლუცია, ამისთვის ჩამოვდივართ ათასობით ემიგრანტი და ამისთვის ვრთავთ ისეთ ჯგუფებს, რომლებიც „ნაცების“ გვერდით არ დადგებოდნენ და არც ბურჭულაძის ნდობა არ აქვთ, რადგან ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამაჩნია და ჩემი მიზანი მხოლოდ რუსული რეჟიმის დასრულება არაა, არამედ ახალი ქვეყნის აშენებაა, 16 წლის შემდეგ მოვდივარ საცხოვრებლად რადგან ახლა უჭირს ჩემს ქვეყანას.

მე, ნანა სანდერი გთავაზობთ ასეთ რამეს, თქვენ 4 ოქტომბერს დადგებით საქართველოს მხარეს, თქვენ 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმის მხარეს არ უნდა ირიცხებოდეთ",- აცხადებს სანდერი ვიდეოაი, რომელსაც სასამართლოში იკვლევენ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ პირებს - ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალესანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.