„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 7 დაზარალებულ ქალთან ერთად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო'ფლაერტს მისი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რათა ღირსების შემლახავი პრაქტიკა დასრულდეს და ყველა შესაძლო დამნაშავე დაისაჯოს. მაიკ ო'ფლაერტი საქართველოში უკვე მეორე დღეა ვიზიტებს მართავს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. გუშინ კი მან მოსაზრებები მოისმინა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან. განხილვის მთავარი თემები საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მდგომარეობა იყო.