შოთა ბერეკაშვილი - მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, დიახაც, გვაქვს გეგმა და პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას! ასევე, ძალიან კარგი იქნება სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რათა მას ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა - Palitra News

შოთა ბერეკაშვილი - მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, დიახაც, გვაქვს გეგმა და პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას! ასევე, ძალიან კარგი იქნება სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რათა მას ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა

2026-04-14 14:17:59+04:00

მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, პირიქით, პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას - დიახაც, გვაქვს გეგმა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, ტატა ხვედელიანს უპასუხა.

მისი თქმით, კომისიას ექნება დასკვნა, კონკრეტული რეკომენდაციებით, კონკრეტული ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც „საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს ძალიან კონკურენტუნარიანს, ძალიან ეფექტურს გახდის და ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს“.

ბერეკაშვილის თქმით, კომისიას, ასევე, აქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ „მან იმუშაოს ეფექტურად, არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა, რომელიც თავისთავად პროდუქციის ღირებულებას აწვება“.

„მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, პირიქით, პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას.

ჩვენ კომისიის ფარგლებში 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ საქართველოში, ასევე შევისწავლეთ წარმოებები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო ქსელები. შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, საოპერაციო ხარჯები, ფინანსური მდგომარეობა, კაპიტალის სტრუქტურა და დეტალურად ჩავეძიეთ პროცესებს. რაც შეეხება ფასების კლებას - ასევე შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებით. მათ შორის, რუმინული, უნგრული, ბერძნული, ხორვატიული, ფრანგული მეთოდი. ჯამში, 7 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დიახაც, გვაქვს გეგმა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. გვექნება დასკვნა, კონკრეტული რეკომენდაციებით, კონკრეტული ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს ძალიან კონკურენტუნარიანს, ძალიან ეფექტურს გახდის და ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად, არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა, რომელიც თავისთავად პროდუქციის ღირებულებას აწვება.

ასევე ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება აღნიშნული სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რადგანაც სექტორს ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. ის საქართველოს ეკონომიკის 20%-ზე მეტს წარმოადგენს და უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნულ სექტორში პროცესები იყოს ჯანსაღი. ძალიან გთხოვთ, ჩვენს მუშაობს პატივი ეცით, რადგან ჩვენ ვზრუნავთ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები საქართველოში იყოს ძალიან კონკურენტული, სექტორი მუშაობდეს ეფექტურად, რადგან ის განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას. კოლეგებო, თუ შეგიძლიათ პროცესში ჩაერთეთ უფრო აქტიურად, თუ არადა ძალიან გთხოვთ, წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებთ,“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყურადღება სურსათის ფასების ზრდაზე გაამახვილა.

„ტრაგიკომედიურ ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ, მაგრამ თურმე, კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით. უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? ხალხს აინტერესებს, სად არის გაზრდილი ეკონომიკის შედეგები? თუ პროდუქტების ფასმა მოიმატა, ელექტროენერგია გაძვირდა, საწვავის და მედიკამენტების ფასმა მოიმატა, მანქანების განბაჟების ფასები გაძვირდა, სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე გაზრდილი ეკონომიკით? ან სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა?“ - განაცხადა ხვედელიანმა.