შსს-ს თანამშრომელს არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. რაც შეეხება საქმეში სხვა პოლიციელების შესაძლო მონაწილეობას, პროკურორი განმარტავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ტარდება არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. რაზეც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებით დაემუქრა.