მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, ასევე მათი პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. ინიციატივამ ავტოიმპორტიორთა კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, რეგულაცია ბიზნესს სერიოზულ გამოწვევებს შეუქმნის და ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს, რაც მომხმარებელზე აისახება. ისინი გადაწყვეტილებას არაპროპორციულად მიიჩნევენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირებას აანონსებს. მთავრობის განმარტებით, გამონაკლისი შეეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება 1 აპრილამდე დაიწყო ან უკვე იმყოფება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეგულაციის მიზანი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებაა.