აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 219 ხმით 211-ის წინააღმდეგ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს. Reuters-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეზოლუციას აშშ-ის სენატიც მიიღებს, თუმცა მას ვეტოს დონალდ ტრამპი დაადებს, რის დაძლევასაც აშშ-ის კონგრესი ვერ შეძლებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო აგვისტოში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზარდა. ასევე,წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 218 ხმით 213-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს „SAVE America Act“-ი, რაც ნოემბერში, შუალედური არჩევნებისთვის, ამომრჩევლისგან აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას ითხოვს. კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეცა.