უძრავი ქონების პირველადი ბაზრის ზომა თითქმის 2,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - Palitra News

უძრავი ქონების პირველადი ბაზრის ზომა თითქმის 2,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026-02-12 14:28:11+04:00

უძრავი ქონების პირველადი ბაზრის ზომა თითქმის 2,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს კი დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე 2024 წელს იყო. სწორედ უძრავი ქონების ბაზრის ზრდაზე აკეთებს აქცენტს „თიბისი კაპიტალი“ თავის მიმოხილვაში. ბაზრის უდიდეს ნაწილს თბილისი და ბათუმი ინაწილებდა. კერძოდ, დედაქალაქის წილი 68%-ს, ხოლო ზღვისპირა ქალაქის - 21%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მიზნობრიობას, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი მიზნით გაყიდული უძრავი ქონების წილი ყველაზე მაღალი თბილისშია და 80%-ს შეადგენდა. ამის საპირისპიროდ ბათუმი ლიდერობდა საინვესტიციო მიზნით გაყიდული უძრავი ქონების კატეგორიაში, რომლის წილიც 85%-ია. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წელს მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემდეგ, 2024-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში გადავიდა“.

მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში 78 500 საცხოვრებელი გაიყიდა, საიდანაც 49 200 მეორად ბაზარზე, 29 300 კი პირველად ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციები 2024 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ფასებს, 2025 წელს 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი თბილისში წლიურად 8%-ით გაიზარდა და 1 312 დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2024 წელს საშუალო ფასი 1 260 დოლარის ფარგლებში იყო.

ამასთანავე, კვლევაში აღნიშნულია, რომ პრემიუმ სეგმენტში ფასები საშუალო ფასთან შედარებით ორჯერ მაღალია. მაგალითად, პრემიუმ კლასის ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2087 დოლარს აღწევს, პრემიუმ პლიუსში 2821 დოლარია საშუალო ფასი კვადრატულზე, ლაქშერის ფასი კი კვადრატულზე 4088 დოლარია.