კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები. „ინტერპრესნიუსისა“ და „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მთავარ აქცენტებს ადამიანის უფლებებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე სვამს. საქართველოდან გაწვეული და კონსულტაციებიდან დაბრუნებული დიპლომატი აცხადებს, რომ ოფიციალური ბერლინის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს დეზინფორმაციული თავდასხმები გერმანიისა და ევროკავშირის მიმართ. მისი თქმით, სანქციების საკითხი და დასავლეთთან ურთიერთობა კვლავ დღის წესრიგში რჩება და პარტნიორული ურთიერთობები პასუხისმგებლობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკავშირდება ხელისუფლების კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხოლო სანქციების რისკი მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგია. ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, შეცვალოს რიტორიკა და გადადგას ნაბიჯები ევროკავშირთან ურთიერთობის გასამყარებლად. საკითხს ეხმაურებიან ანალიტიკოსებიც. მათი შეფასებით დაძაბული რიტორიკა და ურთიერთბრალდებები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აზიანებს და დასავლეთთან დიალოგის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.