კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით გაუარესდა, თუმცა რეგიონში ლიდერობას ინარჩუნებს - Palitra News

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით გაუარესდა, თუმცა რეგიონში ლიდერობას ინარჩუნებს

2026-02-10 13:38:38+04:00

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით გაუარესდა, თუმცა რეგიონში ლიდერობას ინარჩუნებს. რეიტინგის მიხედვით 100 - ბალიან შკალაზე საქართველოს 50 ქულა აქვს, რაც საშუალო შედეგია. გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს ამ რეიტინგში 53 ქულა ჰქონდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ყველაზე კარგი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა _ 58 ქულა. რაც შეეხება მიმდინარე ინდექსს ასეთი დაბალი მაჩვენებელი საქართველოს 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით კორუფციის აღქმის ინდექსი ძირითადად ზომავს, თუ რამდენად არის კორუფციისადმი მოწყვლადი ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი, მაგალითად, რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა. საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა კი სწორედ ესაა“. არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებით ხელისუფლება აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას, ხოლო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე წინაა. კორუფციის აღქმის ინდექსი 181 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები 100 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.