უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა - Palitra News

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა

2026-02-09 12:26:37+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. დრონებით თავდასხმის შედეგად აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქში. მედიის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. იერიშების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ავტომობილებს, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი.

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებების ფონზე, აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება. 4–5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართულ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინამ და რუსეთმა 157–157 ტყვე გაცვალეს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებელ ჯგუფებს ამერიკაში შეხვედრა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მომდევნო შეხვედრა შესაძლოა ერთ კვირაში მაიამიში გაიმართოს. ამავდროულად, უკრაინული მხარე რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარჩენილი ყველაზე რთული საკითხები მოგვარდეს.