ირანი და აშშ დღეს ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ. გამოცემა როიტერსის ცნობით, დღის წესრიგთან დაკავშირებული დავა, განსაკუთრებით თეირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება, მიუთითებს, რომ პროგრესის მიღწევა რთული იქნება. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა და რომ მას, დიპლომატიის გარდა, ბევრი სხვა ვარიანტიც აქვს. ირანმა კი შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ნებისმიერ სამხედრო დარტყმას მკაცრად უპასუხებს და მეზობელი ქვეყნები, სადაც აშშ-ის ბაზებია განთავსებული, თავდასხმაში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდნენ.