თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილების გამო სტუდენტების, ლექტორების, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების პროტესტი გრძელდება. განათლების რეფორმის წინააღმდეგ დღეს სტუდენტები ფილარმონიიდან აქცია-მსვლელობას გამართავენ. დემონსტრანტები განათლების მინისტრს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან საჯარო შეხვედრის გამართვაც. როგორც აქციების მონაწილეები ამბობენ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ყველას ეხება და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ რა ელოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს. მათივე შეფასებით, ახალი რეფორმით უნივერსიტეტებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.