საქართველომ შესაძლოა შუა დერეფნის ფუნქცია დაკარგოს - Palitra News

საქართველომ შესაძლოა შუა დერეფნის ფუნქცია დაკარგოს

2026-01-22 13:38:55+04:00

საქართველომ შესაძლოა შუა დერეფნის ფუნქცია დაკარგოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერს, დავოსის საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებული განცხადება, საქართველოში შეშფოთების საფუძველი გახდა. ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით. ალიევის თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება. მოკლედ, საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტული მიმართულება გამოუჩნდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დერეფანში გატარებული ტრაილერების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად, თუ 2023 წელს ჩვენმა დერეფანმა დაახლოებით 520 ათასი ტრაილერი გაატარა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 490 ათასს ჩამოსცდა. ტრაილერების შემცირების შედეგად, ქვეყნის ხაზინაში გზათსარგებლობიდან შესულმა თანხამაც იკლო. ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 8 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელთან შედარებით კი 10 მილიონ 712 ათასი ლარით. უფრო კონკრეტულად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2025 წელს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 171 მილიონ 286 ათას 748 ლარი შევიდა, 2024 წელს 179 მილიონ 432 ათას 915 ლარი, 2023 წელს კი - 181 მილიონ 998 ათას 905 ლარი. შესაბამისად, არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წელს საქართველოს დერეფანი 489 ათას 390-მა სატვირთომ გადაკვეთა, 2024 წელს 512 ათას 665-მა ტრაილერმა, 2023 წელს კი 520 ათასმა. გამოდის, რომ ბოლო 3 წელიწადში საქართველოს დერეფანმა დაახლოებით, 30 ათასი ტრაილერი დაკარგა.