ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა . გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 მილიონ ლარზე მეტს. შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ თანხებს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.