აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამხმარე საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 105 მილიონი დოლარია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საჭირო სერტიფიცირება უზრუნველყო და აშშ-ის კონგრესს აცნობა. დეპარტამენტის განცხადებაში ასევე დაზუსტებულია უკრაინის მიერ მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების სია. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შეთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს. აშშ-ის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ იარაღის გაყიდვის განსახორციელებლად, შეერთებულმა შტატებმა აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორების წარმომადგენლები ევროპის საბრძოლო სარდლობაში უნდა განათავსოს მხარდაჭერისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად.