საქართველოს ეკონომიკა წელს 7.5%-ით, ხოლო 2026 წელს 6%-ით გაიზრდება. ასეთია „გალთ ენდ თაგარტის“ განახლებული პროგნოზი.„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 9.7%-ით გაიზარდა. „საქსტატმა“ ზრდის მიმართულებით გადახედა მიმდინარე წლის 1-ლი და მე-2 კვარტლის რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპებს და ორივე 0.1 პპ-ით გაზარდა. შესაბამისად, პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 9.9%, ხოლო მეორე კვარტალში 7.4%-ი შეადგინა. შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 8.6%-ის დონეზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის 2025 წლის მე-3 კვარტალის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.8%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ანგარიშის თანახმად, გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 7.3%-ს შეადგენს, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია ევროკომისიის წინა პროგნოზთან შედარებით. ამ ზრდით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის #1 ადგილს იკავებს. ევროკომისიამ ასევე ზრდის მიმართულებით გადახედა მთლიანად ევროკავშირის მოსალოდნელ ზრდას, რაც წელს 1.4 იქნება, ნაცვლად გაზაფხულზე პროგნოზირებული 1.1%-ისა.