ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა. ევროკავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა განახლებულ მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს. შესწორებული წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლას ბოროტად გამოიყენებენ ან ევროკავშირის ინტერესებს დაუპირისპირდებიან. მექანიზმი უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების, ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. ქართული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი მექანიზმი უფრო რეალურს ხდის სავიზო რეჟიმის უფრო მარტივად შემოღებას იმ ქართველი თანამდებობის პირების მიმართ, ვინც, მათივე განცხადებით, დემოკრატიის ჩახშობაშია მხილებული.