„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლითაც მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და თავად ადმინისტრაცია გაუქმდება - Palitra News

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლითაც მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და თავად ადმინისტრაცია გაუქმდება

2025-11-17 20:49:21+04:00

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლითაც მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და თავად ადმინისტრაცია გაუქმდება.

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ 2006 წლის ნოემბერში, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში არაკონსტიტუციური არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ გამოცხადდა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა“ ჩამოყალიბდა, რითაც, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი იყო.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის - სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის.