უკრაინის ქალაქ ლვოვში 10 და 11 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტი გაიმართება. უცხოური მედია იუწყება, რომ სამიტის მიზანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მხარდაჭერა იმ ფონზე, როცა მოკავშირეები უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობის გამო გამოწვეული შეფერხებების გვერდის ავლას ცდილობენ. ასევე, მედიის ინფორმაციით, გაგზავნილ მოსაწვევებში წერია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სურთ უზრუნველყონ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების შემდეგი რაუნდი ოფიციალური დამტკიცების მოლოდინის გარეშე დაიწყონ. მედიის განმარტებით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს სწრაფად იმოქმედოს, თუ უნგრეთის პროტესტთან დაკავშირებული ჩიხი მოგვარდება.