დონალდ ტრამპი - BBC-ის წამყვანი თანამდებობის პირები გადადგნენ, რადგან 6 იანვრის ჩემი ძალიან კარგი გამოსვლის გაყალბებაში გამოიჭირეს - Palitra News

დონალდ ტრამპი - BBC-ის წამყვანი თანამდებობის პირები გადადგნენ, რადგან 6 იანვრის ჩემი ძალიან კარგი გამოსვლის გაყალბებაში გამოიჭირეს

2025-11-10 12:35:39+04:00

„ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული. დებორა ტერნესის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამოსვლის მონტაჟმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტერნესის განმარტებით, საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მას, როგორც „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების აღმასრულებელ დირექტორს.საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბიბისი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ.