1-ელი ნოემბრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისის გარდა საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. იმ შემთხვევაში თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი აღნიშნულ კანონს დაარღვევს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება და 2 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალება. ინიციატივის ავტორების განმარტებით, გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ჩარევებს შეამცირებს და საჯარო მოხელეების მხრიდან პირადი ინტერესებით მოქმედების არეალს შეზღუდავს. საკითხს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელე სრულად ექვემდებარება ბიუროკრატიულ იერარქიას, რაც საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას ნიშნავს.