სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და კიდევ 5 პირის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებს სწავლობს. უწყება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას მას შემდეგ მოახდებს, რაც 7 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის წარმომავლობას დაადგენს. თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტები ინტერესდებიან თუ რის საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა და რატომ არ არიან დაკავებული ამ საქმის ფიგურანტი ყოფილი მაღალჩინოსნები. „ქართული ოცნების“ ოპონენტები შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მიუთითებენ, ამ დროს კი მმართველი პარტიის ლიდერები გამოძიების დამთავრებას ელოდებიან.