მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში ოქრო და ვერცხლი 4%-ით გაძვირდა. ოქროს და ვერცხლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე ახალ რეკორდს ამყარებს. საერთაშორისო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო უკვე 4 230 დოლარზე მეტი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი დღის განმავლობაში ფასი 40 დოლარზე მეტით არის გაზრდილი. ამასთან, ძვირდება ვერცხლი და მისი ფასი უნციაზე 52-53 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ოქროს საერთაშორისო ფასი დაახლოებით 13%-ით, ვერცხლის კი 23%-ით არის გაზრდილი. ძვირფასი ლითონი ძვირდება საქართველოშიც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფასები 4%-ზე მეტით არის მომატებული. უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, ოქროს ბირჟაზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს სარეალიზაციო ფასი 370 ლარის ფარგლებში მერყეობს, ერთი კვირის წინ მაგალითად ამ სინჯის ოქროს შეძენა 357 ლარად იყო შესაძლებელი. 750-სინჯის ოქროს ფასი თითქმის 278 ლარია, ხოლო 585 სინჯის ოქროს შეძენა 217 ლარად არის შესაძლებელი. ადგილობრივ ბაზარზე გაძვირებულია ვერცხლიც. თუ ერთი კვირის წინ 925 სინჯის ერთი გრამი ვერცხლი ასე 4 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 5 ლარს აღწევს.