შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა - ჯამში დაკავებულია 44 პირი, 4 კი - მიმალვაშია. უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს - გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილმა მიიღო.