საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები სექტემბერში კიდევ შეივსო - Palitra News

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები სექტემბერში კიდევ შეივსო

2025-10-09 13:55:25+04:00

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები სექტემბერში კიდევ შეივსო. სავალუტო რეზერვების ზრდამ ამ პერიოდში 224 მლნ დოლარი შეაადგინა და 5.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული პოზიციით, ის ორიენტირებული რჩება რეზერვების შევსებაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი ფაქტობრივად მარტიდან მოყოლებული ყოველთვიურად ზრდიდა სავალუტო რეზერვებს და დინამიკაში თუ ვნახავთ, ყველაზე ნაყოფიერი ამ პერიოდში ივლისი იყო, როცა სავალუტო რეზერვების შევსება თითქმის 417 მილიონი დოლარით მოხერხდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წმინდა შესყიდვებმა 1,5 მლრდ შეადგინა. მსოფლიო ბაზრებზე საინვესტიციო ოქროს გაძვირების ფონზე, ოქროს წილი საქართველოს მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.2%-ია, რაც ღირებულებით განზომილებაში თითქმის 878 მლნ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 378 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ზრდის ეს მაჩვენებელი, რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.