ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტებს პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ „ქართული ოცნება“ ძალადობრივ აქციებთან ბრძოლის საბაბით, სამოქალაქო აქტივისტებს პოლიტიკურად დევნის და ქვეყანაში მჩაგვრელ გარემოს აძლიერებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხალხის მასშტაბური და მშვიდობიანი პროტესტი ის მთავარი ბერკეტია, რომელიც საზოგადოებას სულ მალე კონკრეტულ ხელშესახებ შედეგს მოუტანს. 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები კი ფიქრობენ რომ ბოიკოტი ის ფუნდამენტური შეცდომა იყო, რამაც საზოგადოებას გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსი დააკარგვინა, რიგ ოპოზიციურ ძალებს კი რევოლუციის მოწყობის კამპანიით, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის საშუალება მისცა.