ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დაბარებასა და მათთან საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის შეხვედრას. აღნიშნულ საკითხს ასევე ექსპერტებიც გამოეხმაურნენ - მათი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით ვითარების სტაბილიზაციის მოლოდინი აქვთ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიაში დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და აღდგენის სურვილი აქვთ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს რთული იქნება. გიორგი ზურაბაშვილისა და ელჩების გუშინდელ შეხვედრას საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ - სამინისტროში განაცხადეს, რომ ელჩები საყვედურისთვის არ დაუბარებიათ და მათი მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ დიპლომატებისთვის ობიექტური და სწორი ინფორმაციის მიწოდება.