თბილისის სავჭრო ცენტრებში იჯარა გაძვირდა - Palitra News

თბილისის სავჭრო ცენტრებში იჯარა გაძვირდა

2025-10-07 13:43:05+04:00

თბილისის სავჭრო ცენტრებში იჯარა გაძვირდა „თიბისი კაპიტალის“ სექტორული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ 2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 7.4%-ით გაიზარდა. ამავე კვლევის თანახმად, თუ 2023 წელს გასაქირავებელი კომერციული ფართის ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 22 დოლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 24 დოლარს გადასცდა. კვლევის ავტორების შეფასებით, იკლო გასაქირავებელი კომერციული ფართის რაოდენობამ. კერძოდ, 2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით დაბალია.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2023 წელს დედაქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური იყო - 23 310 კვადრატული მეტრი ფართობი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 13 648 კვ.მეტრს შეადგენდა. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყნის დამატებული ღირებულების ნახევარი დედაქალაქში იქმნება და კომერციული უძრავი ქონებაც ძირითადად თბილისშია თავმოყრილი. ამ მონაცემებით, თბილისში 10 მთავარი სავაჭრო ცენტრია, რომელთა კომერციული ფართის ჯამური მოცულობა 291 728 კვადრატულ მეტრს შეადგენს.