რა ზომისაა საქართველოს „ჩრდილოვანი ეკონომიკა“? როგორც აღმოჩნდა, სტუმარ-მასპინძლობა ამ თვალსაზრისით ისევ ლიდერია.
საქსტატის გასული წლის მონაცემებით, რომელიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებადი ეკონომიკის წილს ასახავს, საქართველოს ეკონომიკის 12.9% „ჩრდილშია“. ეს მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ გაზრდილია წინა წლის მონაცემთან შედარებით. 2023 წელს დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 12.4%-ი იყო. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 91.9 მლრდ ლარით განისაზღვრა. შედეგად, გამოდის, რომ არაფორმალურ ეკონომიკაზე აქედან დაახლოებით 11.8 მლრდ ლარი მოდიოდა. აქ იგულისხმება ყველა ის არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის ჩრდილშია. როგორც სხვა წლებში, შარშანაც დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალი იყო განთავსებისა და კვების მომსახურების სექტორში. საქსტატის მონაცემებით, მისი მოცულობა 49.9%-ს შეადგენდა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორის წილს ჩრდილოვან ეკონომიკაში 19% უჭირავს; 18% ხელოვნება, გართობა, დასვენების ბიზნესსექტორზე მოდის, ხოლო საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით დაუკვირვებად ეკონომიკაში - 16.4%-ს იკავებს.