დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, ექსპრემიერის გუნდთან თანამშრომლობა განსხვავებული ხედვების გამო დაასრულა. ცქიტიშვილი მიმდინარე პროცესების ფონზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა გამართლებული იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ოპოზიციური ძალები კოორდინირებულად იმოქმედებდნენ და უსამართლო გარემოში ხელისუფლების დამარცხების თუნდაც მცირე შანსი იარსებებდა. პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" რიგები დატოვა საბა ბუაძემ. ბუაძის თქმით, ახლა დროა შეიქმნას ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ის ახალი პოლიტიკური თანამოაზრეების ძიებას იწყებს, რასაც ახალი პარტიის ჩამოყალიბება უნდა მოჰყვეს.