თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო 4-ი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო. სამომავლო გეგმების პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია 5-ი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ასევე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა.
მისივე თქმით, რეაბილიტირებული გზები, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი კომუნიკაციები პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.