საქართველოს მოსახლეობის მესამედი თავს ღარიბად თვლის 708 ათასი კი რეალურად სიღარიბეში ცხოვრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს. ამის დასტურია სოციალური მომსახურების სააგენტოს ამ წლის ივლისის სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად კი ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 707 817 ადამიანი იღებდა. აქედან 466 506 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 241 311 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. მაგალითად, გასული წლის ივლისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 677 495 იყო, ანუ გაზრდილია ერთ წელიწადში 30 ათასზე მეტით. ოფიციალური მონაცემებით, 1 298 660 ადამიანი სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს ღარიბად მიიჩნევენ და სოციალური შემეობის დანიშვნას ითხოვენ. სხვათა შორის მათი რაოდენობაც გაზრდილი შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 50 ათასით.