პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას მიიღებს - Palitra News

პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას მიიღებს

2025-09-03 16:00:46+04:00

პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას მიიღებს. პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნა, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, დეპუტატებს გუშინ წარუდგინა. დასკვნის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების ქმედებებმა გამოიწვია. თეა წულუკიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნაწილში არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, არამედ ყოფილი თანაგუნდელი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც დაადანაშაულა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაირღვა. ოპოზიციის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნა დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებს ემსახურება.