ექსპრემიერისა და გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომ ის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ არის. მათი შეფასებით, გახარიას ეს გადაწყვეტილება ნათელი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა მან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მზაობა გამოთქვა. თავად გახარიას გუნდში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩართვა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება. გუნდის ლიდერი გიორგი გახარია ამ დრომდე გერმანიაში იმყოფება. მან ტვ პირველთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლებაც მიიღო.