შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია - აღნიშნული საკითხი პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ამ კვირაში ევროკომისის რეკომენდაციების შესრულების ვადა იწურება, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნა, ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი არაა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამ საკითხში სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. ამავე დროს კი, „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე ყურადღების გამახვილება მხოლოდ შანტაჟის ნაწილია და ამისთვის რეალური საფუძვლები არ არსებობს. ამის საპასუხოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე საკმაოდ რეალურია.