„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზის გაყვანის იდეა არა თბილისის მერ კახა კალაძეს, არამედ მას ეკუთვნის. ელისაშვილის თქმით, როგორც კი ირაკლი კუპრაძე თბილისის მერი გახდება, ამ პროექტზე მუშაობა მეორე დღიდანვე დაიწყება, რადგან ტრამვაი დიდი დიღმელების გადაადგილების პრობლემას ნამდვილად მოაგვარებს. ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.