დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში - 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციები შემაშფოთებელია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს განსხვავებული ვითარებაა, გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან. დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში.
იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ, 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები შემაშფოთებელია, ადამიანის უფლების, დემოკრატიის კუთხით, ყველა მიმართულებით უკუსვლაა ევროკავშირის მასშტაბით. იმედი გვაქვს, ვიდრე ჩვენ 2030 წელს მზად ვიქნებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი.
„ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ქართველი ხალხის აღქმაში ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირში“, - აღნიშნა პრემიერმა.